Thursday, May 9, 2019

მე-7 კლასი აკაკი წერეთელი "განთიადი" გეგმა და რეფლექსია

გრამატიკის ტესტი

ტესტური დავალებები 
 რომელ წინადადებაშია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომა?
 ა) მოსწავლე ბეჯითად ასრულებდა დავალებებს.
 ბ) მოულოდნელობისაგან დაბნეულმა ქალმა უნებლიედ შეჰკივლა.
 გ) ავადმყოფს სასწრაფოდ გადაუსხეს სისხლი. 
დ) დათვზე მონადირენი ადრიანად გაუდგნენ დათოვლილ გზას.

 რომელ წინადადებაშია სინტაქსური ხარვეზი?
 ა) ხალხი დასხდა და გულისყურით მიაჩერდა სცენას, რომელიც ჯერ კიდევ ცარიელი იყო. 
ბ) და-ძმას არ შეშინებია: ცეცხლი ენთო, მაგიდაზე საჭმელი ელაგა, ოთახში არავინ იყო.
 გ) მასწავლებელმა ბავშვებს მოუყვა მხიარული ისტორია, რომელზეც ყველა დიდხანს იცინოდა. 
დ) მამამ შვილს საჩუქრის ყიდვა დაჰპირდა და სიტყვა მალევე შეუსრულა. 

რომელ წინადადებაში არაა დაშვებული შეცდომა? 
ა) დედალი კუ, რომელიც კვერცხებს ქვიშაში ფლავს, არ შეუძლია მათი დაცვა მტაცებლებისგან. 
ბ) ის გოგონა, ვისი ფოტოც ძალიან მოგვეწონა, სხვა ქალაქში ცხოვრობდა. გ) ვიყიდი ისეთივე კაბას, როგორიც ჩემს მეგობარს ეცვა დაბადების დღეზე. 
დ) ხასი
ათიც ისეთივე მძიმე აქვს, როგორც ჩვენს ძველ ნაცნობს.

 რომელ წინადადებაში არაა მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომა? 
ა) 1-მა კლასმა საახალწლოდ ლამაზი ღონისძიება შემოგვთავაზა. 
ბ) მათმა დიდხანს იბრძოლეს ამ წარმატებისათვის.
 გ) მათს ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 
დ) 2000-ე დამთვალიერებელს გალერეისგან საჩუქარი ერგო. 

რომელ წინადადებაში არაა დაშვებული შეცდომა მსაზღვრელ-საზღვრულის შეკავშირებისას? 
ა) მსახიობ რამაზ ჩხიკვაძემ ბრწყინვალედ შეასრულა არაერთი როლი თეატრსა თუ კინოში. 
ბ) ექიმი გაბელიას მოსაცდელში მუდამ ხალხმრავლობაა. 
გ) ბატონი ნოდარით მთელი კოლექტივი მოიხიბლა. 
დ) მწერალი ლეო ქიაჩელის მოთხრობებით კმაყოფილი დავრჩი. 

რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა? 
ა) მელია სიცილით კინაღამ გაიგუდა შეშინებული დათვის დანახვაზე. 
ბ) რატომ დაყარეთ ფურცლები იატაკზე? 
 გ) ყვავილები სიცილით კვდებოდნენ, ხეებიც ხარხარებდნენ. 
დ) ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა ტირის. 

რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა?
 ა) მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ, ნიავი ხომ არა ხარ? 
ბ) ქუჩაში ორ-ორი და სამ-სამი დადიოდნენ. 
გ) სიტყვა-პასუხი და შესახედაობა სწორედ მოსაწონი ჰქონდა.
 დ) ტყის პირას ისლით გადახურული ქოხ-მახები იდგა. 

რომელ წინადადებაში არაა ქართული ენისათვის მიუღებელი კონსტრუქცია?
 ა) საქმ
ე იმაშია, რომ ახალ აღმოჩენებს ყველა ვერ ეცნობა. 
ბ) ფასდაკლებით იყიდება ახალი კოლექცია საიუველირო მაღაზიაში.
 გ) სახეზეა ის ხარვეზები, რომლებიც ამ დაწესებულებაშია. 
დ) ასეთი შეთანხმება ჩვენ არ გვაწყობს, ჩვენ სხვა პირობები გვაქვს. 

რომელ წინადადებაში არაა სტილისტური ხარვეზი? 
ა) ხვად ლომს სასტიკად ხშირი ფაფარი ჰქონდა. 
ბ) მინდორში ხორბლის მოსავალს იღებდნენ. 
გ) ერთ ნაკვეთში ხუთი ტონა ვაშლი აწარმოეს. 
დ) ეს საქმე სერიოზულ კონტროლზეა აყვანილი.

 რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა? 
ა) ყველა უცხოელს მოსწონს საქართველოს ბუნება.
 ბ) ქარმა ნორჩ ატმის ხეს ფოთოლი მოწყვიტა. 
გ) მუხლზე დაჩოქილმა შეჰღაღადა უფალს. 
დ) წელს ამ გამომცემლობამ ასამდე ახალი წიგნი გამოცა.

 რომელ წინადადებაშია დაშვებული მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომა? 
ა) ჩვენ ამ დებულებას ვერ ვუგულვებელვყოფთ. 
ბ) მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ხალხის უსაფრთხოება. 
გ) სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი... დ) რამდენჯერ შეშინებული წამოვვარდნილვარ და გარეთ გავვარდნილვარ. 

რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა? 
ა) სამმართველოში იკითხეთ ეგ დოკუმენტი, მმართველთან. 
ბ) ეგ მოსამართლე მოუსყიდავი და სამართლიანი კაცია. 
გ) მბჟუტავი სინათლე ოდნავ ანათებდა განსაშჯელის სახეს.
 დ) მცოცავ, ხვიარა მცენარეებს დაეფარა სახლის დანგრეული კედელი. 

რომელ წინადადებაში არაა სტილისტური ხარვეზი?
 ა) ბევრად საუკეთესო ნამუშევრებს ქმნიდა ახალგაზრდობაში. 
ბ) გაცრეცილი, მოთეთრო ფერი ედო დათოვლილ არემარეს.
 გ) ოდნავ მომწვანო ფოთლები იტაცებდნენ გამვლელის თვალს. 
დ) ყველაზე უჭკვიანესი ადამიანიც შეიძლება შეცდეს. 

რომელ წინადადებაში არაა სინტაქსური შეცდომა? 
ა) და-ძმას, რომლებიც დიდი ხანია სამშობლოში არ ყოფილან, სიყვარულით დაათვალიერა ქალაქი. 
ბ) ბედნიერია, ვისაც ეღირსება სამშობლისათვის თავის გაწირვა, რათა ხალხი არ ივიწყებს გმირებს.
გ) ადამიანს ხშირად უწევს შესრულება ისეთი სამუშაოსი, რომელიც საერთოდ არ მოსწონს. დ) ისეთი ადამიანი, რომელიც პატიოსანი და კარგი მცოდნეა, ის კარგად გაუძღვება
 საქვეყნო საქმეს.

 რომელ წინადადებაშია დაშვებული სინტაქსური შეცდომა?
 ა) კაცი, რომელსაც თვალები დაეხუჭა და მკლავიდან სისხლი სდიოდა, სოფლელები შემოხვეოდნენ.
 ბ) ბავშვებმა ასეთ ფილმებს არ უნდა უყურონ, რადგან მათ ფსიქიკა ჩამოუყალიბებელი აქვთ. 
გ) დარბაზში გაისმა ჰანგები, რომლებმაც ყველას სამშობლო მოაგონა.
 დ) ვისაც სამართლიანობის დაცვა არ შეუძლია, დიდი საქმის კეთებაც არ შეუძლია. 

რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა? 
ა) ღვაწლმოსილ მეცნიერს ფასდაუდებელი სამსახურისთვის მთავრობის უმაღლესი ჯილდო გადასცეს. 
ბ) თბილისის საპატიო მოქალაქეები სამახსოვრო ორდერებით დააჯილდოეს. 
გ) სოფლის კლუბი და ბიბლიოთეკა წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეაკეთეს. 
დ) ასეთი ფასი ჩვენ ხელს არ გვაძლევს, იქნებ მოლაპარაკება მოხერხდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

 რომელ წინადადებაში არაა სტილისტური ხარვეზი?
 ა) პირობებს, რომლებიც არ გვაწყობს, კომპანია არ დაეთანხმება.
 ბ) წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკება აწარმოეს მმართველ გუნდთან.
 გ) კახეთისა და ქართლის მინდვრებში ხორბლის მოსავლის აღებას აწარმოებენ. 
დ) ახალ კინოთეატრში უჩვენებენ საუკეთესო ქართულ ფილმებს, რომელთა ნახვის სურვილი ბევრს აქვს. 


რომელ წინადადებაში არაა დაშვებული შეცდომა?
 ა) ქუჩაში ყოველდღე ვხვდები ერთსა და იგივე დედა-შვილს. 
ბ) თითო-ოროლა წითელ-ყვითელი ფოთოლი შერჩენოდა აქა-იქ მაღალ ხეებს. 
გ) ყველა მათგანი ვალდებულია, საქმე პირნათლად აკეთოს. 
დ) ყოველი ჩვენთაგანი გულის ფანცქალით მოელოდა სასწავლო წლის დაწყებას.

პროექტი "სიბრძნის წიგნის თავგადასავალი"

გეგმა მე-5 კლასი ძირეული და წარმოქმნილი ზედსართავი სახელი

გაკვეთილის გეგმები მე-5 კლასი

Thursday, April 14, 2016

გაკვეთილი დისკუსიის ეფექტური მეთოდის გამოყენებით

დისკუსიაზე ფოკუსირებული დაკვირვება  (გაკვეთილის გეგმა)
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: X -ბ
მოსწავლეთა რაოდენობა: 27 ( შერეული, სსსმ არ გვყავს)
გაკვეთილის თემა: „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი პერსონაჟის ქმედების ანალიზი
გაკვეთილის მიზანი: დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის, მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის შეფასებისა და თვითშეფასების უნარების განვითარება
გაკვეთილის შედეგების შესაბამისობა ესგ-სთან:X.-1-მოსწავლეს შეუძლია საკლასო და სასკოლო დისკუსიაში მონაწილეობის მიღება 2-კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები 3-აუდიტორიის წინაშე მოხსენების გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება 4-მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება
წინარე ცოდნა: მოსწავლე ირჩევს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიას; მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად; აანალიზებს პერსონაჟია საქციელს; აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებაში; განსაზღვრავს პერსონაჟის პოზიციას, ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას. (X-7, 9, 10)
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
გაკვეთილის მიმდინარეობა
აქტ. 1-ლი:  ორგანიზაციული საკითხები               1წთ.
აქტ. მე-2:გაკვეთილის თემის, მიზნის გაცნობა   1წთ.
აქტ. მე-3:შერჩევა ეპიზოდებისა, რომლებიც ეფექტურია სადისკუსიოდ -„გონებრივი იერიში“    3წთ.
აქტ. მე-4:    დისკუსიის ორი მეთოდის „ფორუმი“, „დებატები“ გაცნობა და სამუშაო მეთოდის არჩევა         3 წთ.
აქტ. მე-5:დისკუსია, მეთოდი „დებატები“-  ჯგუფური მუშაობა ( ჯგუფებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიეცათ ეპიზოდები, მოსწავლეები დაჯგუფდნენ პოზიციების მიხედვით, მოამზადეს არგუმენტირებული მსჯელობა, აირჩიეს პრეზენტატორი)  10-12 წთ.
აქტ. მე-6:    შეფასების კრიტერიუმების გაცნობა  ( სქემის დარიგება და ინსტრუქციის  მიცემა)       1წთ.
აქტ. მე-7:     ნამუშევრების პრეზენტაცია                       15-18 წთ.
აქტ. მე-8:      შეფასება/ თვითშეფასება                             5 წთ.
აქტ. მე-9:    საშინაო დავალება:  ავაგოთ არგუმენტირებული ესე  „ ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად...“   მოცემული მითითებების მიხედვით ( X. 15,16)                  1წთ.
შედეგი:მოსწავლე მსჯელობს, არგუმენტირებულად ასაბუთებს პოზიციას; იყენებს ჯგუფთან მუშაობის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალებებს.
გამოყენებული რესურსი: შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ (სასკოლო გამოცემა), თაბახის ფურცლები 10 ცალი, მარკერი 4 ცალი, ფურცლები შეფასებისათვის, კალმები,  დაფა, ცარცი
შეფასების რუბრიკები
ჯგუფის შეფასება
1.       აქტიურობა -   3ქ.- მაღალი -  აქტიურობს ყველა წევრი
                           2ქ.- საშუალო-  აქტიურობს ნახევარზე მეტი
                            1ქ. - დაბალი - აქტიურობს  2 წევრი
2.       დროის ლიმიტი    1ქ. - ზუსტად იყენებს დროს
                                   0ქ. - აჭარბებს მოცემულ დროს
3.       თანამშრომლობა    1ქ. - ჯგუფი ისმენს ყველას აზრს; პატივს სცემს ყველას პოზიციას; ლიდერი ითვალისწინებს ჯგუფის წევრების მოსაზრებას
                                    0ქ. - ჯგუფი ისმენს დომინანტი წევრის მოსაზრებას, მასვე აკისრებს ლიდერობას

მომხსენებლის შეფასება
1.       თანმიმდევრულობა - 3ქ. - მომხსენებელი თანმიმდევრულად გადმოსცემს სათქმელს; აუდიტორიას მკაფიოდ, დამაჯერებლად უხსნის ჯგუფის პოზიციას;
                                         2ქ. - მომხსენებელი გასაგებად უხსნის აუდიტორიას სათქმელს
                                          1ქ. - მომხსენებელი ხსნის ჯგუფის სათქმელს, მაგრამ საჭიროა სხვების დახმარება, აუდიტორიის კითხვები
                                            0ქ. - მომხსენებელი ვერ უხსნის აუდიტორიას სათქმელს; ჯგუფი ცვლის ლიდერს
2.       ციტირება -      2ქ.- იყენებს რამდენიმე ციტატას
                           1ქ.-  იყენებს ერთ ციტატას
                            0ქ. - არ იყენებს საერთოდ ციტატებს
3.       დამაჯერებელი მსჯელობა - 3ქ. - მსჯელობა სრულად  დამაჯერებელია  2ქ. - მსჯელობა  ნაწილობრივ დამაჯერებელია   1ქ. - მსჯელობა ზედაპირულია  0ქ.- მსჯელობა არადამაჯერებელია 



კოლეგის შეფასება - რეფლექსია
მე-10 კლასში ჩატარდა გაკვეთილი დისკუსიის ეფექტური მეთოდის გამოყენებით ფოკუსირებული დაკვირვების მიზნით.  მასწავლებელმა დასაწყისში გააცნო მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი, შედეგი; პროვოცირების ეტაპზე გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეებმა წარმოადგინეს სადისკუსიოდ შერჩეული მონაკვეთები; აირჩა მათგან ოთხი. მოსწავლეებმა აირჩიეს დისკუსიის მეთოდიც. მოსაწონია, რომ თავად მოსწავლეები ირჩევენ საინტერესო საკითხსაც და მეთოდსაც. მოსწავლეებს  მიეცათ მკაფიო, კონკრეტული ინსტრუქციები, მიეთითათ დრო. 
ჯგუფური მუშაობისას აქტიურობა იყო მაღალი, თუმცა შეინიშნებოდა ზოგიერთი წევრის პასიურობა. პედაგოგს ვურჩევდი, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ კუთხით მოსწავლეთა ინსტრუქტირებას, ან გამოიყენოს  დისკუსიის ისეთი მეთოდი, რომელიც მოითხოვს ყველა მოსწავლის ჩართულობას.
        დაკვირვებისას მოსაწონი იყო ჯგუფის წევრთა შეთანხმებული, კორექტული მუშაობა; მსჯელობა იყო აქტიური, მოსწავლეები აყალიბებდნენ არგუმენტებს, იშველიებდნენ ციტატებს. არ გასჭირვებიათ პრეზენტა-
ტორის  არჩევა. პედაგოგს ვურჩევდი, ყურადღება მიაქციოს დროის ლიმიტს, შეახსენოს ჯგუფს, რა დრო დარჩა სამუშაოს დასრულებამდე.
          პრეზენტაციის დროს მოსწავლეები მსჯელობდნენ თანმიმდევრულად, გადმოსცემდნენ ჯგუფის წევრთა მოსაზრებებს, დანარჩენი მოსწავლეებიც იყვნენ აქტიურნი, ახსენებდნენ პრეზენტატორს გამორჩენილ საკითხს. აღსანიშნავია აუდიტორიის აქტიურობა, მოსწავლეები არ იყვნენ პასიური მსმენელნი.
 მოსაწონია, რომ კლასში იყო მეგობრული, თავისუფალი, მუშაობისთვის ეფექტური გარემო. მასწავლებელი იყო ხელისშემწყობი, არ ერეოდა მოსწავლეთა მსჯელობაში, არ იყო მიკერძოებული, მხოლოდ აჯამებდა პრეზენტატორის მოსაზრებას დამხმარე კითხვების საშუალებით.
            პედაგოგს ვურჩევდი, საგაკვეთილო პროცესში ხშირად ჩართოს მცირე დისკუსია, გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა სრულ ჩართულობას. მისაღებია ჩატარებულის მსგავსი გაკვეთილები, რომლებიც მხოლოდ დისკუსიას მოიცავს. 
 სსიპ ქ.ზესტაფონისN 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო  გეწაძე


საგნის პედაგოგის რეფლექსია


 ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში დისკუსიის ეფექტური მეთოდების გამოყენებაზე ფოკუსირებული დაკვირვების მიზნით.  გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრიდან ნინო გეწაძე. 
     წინა დღეს მოსწავლეებმა გაიხსენეს დისკუსიის რაობა; დისკუსიისას დასაცავი წესები; მიეცათ დავალება, რომ შეერჩიათ ერთი ეპიზოდი შოთა რუსთაველის „ ვეფხისტყაოსნიდან“, რომელზეც შეიძლებოდა განსხვავებული პოზიციის გამოთქმა; პერსონაჟის საქციელის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით შეფასება, მოეძიებინათ ტექსტში ორივე ვარაუდის განმამტკიცებელი ციტატები, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია.
      გაკვეთილი დაიწყო ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით;  კლასს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, მოსალოდნელი შედეგი. შემდეგ გონებრივი იერიშის გამოყენებით აირჩა ოთხი ეპიზოდი, მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს დისკუსიის მეთოდიც. მიმაჩნია, რომ, უმჯობესია, მოსწავლეებმა თავად გააკეთონ არჩევანი, რათა მეტი იყოს ინტერესი, მოტივაცია. ჯგუფი გაიყო მოსაზრების მომხრე და მოწინააღმდეგე ნაწილებად, დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, ასევე შეფასების რუბრიკები. ყურადღებით ვაკვირდებოდი წევრების აქტიურობას, კორექტულობას, მოსწავლეები აკონტროლებდნენ დროს.
      ჯგუფმა აირჩია პრეზენტატორი, რომელსაც უნდა წარმოედგინა საერთო, არგუმენტირებული დასაბუთება. პრეზენტაციისას უნდა გაეთვალისწინებინა შეფასების რუბრიკის მოთხოვნები. მას აფასებდნენ სხვა ჯგუფის წევრები, ხოლო ჯგუფი აფასებდა საკუთარ მუშაობას. აქედან გამომდინარე, მოხერხდა შეფასებაცა და თვითშეფასებაც.  პარალელურად ვაფასებდი ჯგუფსაც და პრეზენტატორსაც, მოსწავლეთა შეფასება საკმაოდ  ობიექტური აღმოჩნდა.
      პრეზენტაციები აღმოჩნდა საინტერესო, არგუმენტები - დამაჯერებელი, ციტატები- შესაბამისი; მოსწავლეები პასუხობდნენ  შეკითხვებს, აუდიტორია იყო აქტიური. საერთოდ, გაკვეთილზე ურთიერთ თანამშრომლობითი,  საქმიანი გარემო შეიქმნა. გაკვეთილმა აჩვენა, რომ კლასი ინტერესით ეკიდება სიახლეს, მიცემული დავალებები შეასრულეს ხარისხიანად. უნდა ითქვას, რომ დისკუსია მათთვის უცხო არ იყო, რადგან ხშირად ვმართავდით საკლასო დისკუსიებს, როგორც საგაკვეთილო, ისე სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში.
       დამსწრე პედაგოგმა მომაწოდა თავისი შეხედულებები, რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ გაკვეთილების დაგეგმვისას.

სსიპ ქ. ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  შორენა ლეჟავა