Thursday, April 14, 2016

გაკვეთილი დისკუსიის ეფექტური მეთოდის გამოყენებით

დისკუსიაზე ფოკუსირებული დაკვირვება  (გაკვეთილის გეგმა)
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: X -ბ
მოსწავლეთა რაოდენობა: 27 ( შერეული, სსსმ არ გვყავს)
გაკვეთილის თემა: „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი პერსონაჟის ქმედების ანალიზი
გაკვეთილის მიზანი: დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის, მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის შეფასებისა და თვითშეფასების უნარების განვითარება
გაკვეთილის შედეგების შესაბამისობა ესგ-სთან:X.-1-მოსწავლეს შეუძლია საკლასო და სასკოლო დისკუსიაში მონაწილეობის მიღება 2-კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები 3-აუდიტორიის წინაშე მოხსენების გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება 4-მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება
წინარე ცოდნა: მოსწავლე ირჩევს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიას; მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად; აანალიზებს პერსონაჟია საქციელს; აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებაში; განსაზღვრავს პერსონაჟის პოზიციას, ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას. (X-7, 9, 10)
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
გაკვეთილის მიმდინარეობა
აქტ. 1-ლი:  ორგანიზაციული საკითხები               1წთ.
აქტ. მე-2:გაკვეთილის თემის, მიზნის გაცნობა   1წთ.
აქტ. მე-3:შერჩევა ეპიზოდებისა, რომლებიც ეფექტურია სადისკუსიოდ -„გონებრივი იერიში“    3წთ.
აქტ. მე-4:    დისკუსიის ორი მეთოდის „ფორუმი“, „დებატები“ გაცნობა და სამუშაო მეთოდის არჩევა         3 წთ.
აქტ. მე-5:დისკუსია, მეთოდი „დებატები“-  ჯგუფური მუშაობა ( ჯგუფებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიეცათ ეპიზოდები, მოსწავლეები დაჯგუფდნენ პოზიციების მიხედვით, მოამზადეს არგუმენტირებული მსჯელობა, აირჩიეს პრეზენტატორი)  10-12 წთ.
აქტ. მე-6:    შეფასების კრიტერიუმების გაცნობა  ( სქემის დარიგება და ინსტრუქციის  მიცემა)       1წთ.
აქტ. მე-7:     ნამუშევრების პრეზენტაცია                       15-18 წთ.
აქტ. მე-8:      შეფასება/ თვითშეფასება                             5 წთ.
აქტ. მე-9:    საშინაო დავალება:  ავაგოთ არგუმენტირებული ესე  „ ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად...“   მოცემული მითითებების მიხედვით ( X. 15,16)                  1წთ.
შედეგი:მოსწავლე მსჯელობს, არგუმენტირებულად ასაბუთებს პოზიციას; იყენებს ჯგუფთან მუშაობის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალებებს.
გამოყენებული რესურსი: შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ (სასკოლო გამოცემა), თაბახის ფურცლები 10 ცალი, მარკერი 4 ცალი, ფურცლები შეფასებისათვის, კალმები,  დაფა, ცარცი
შეფასების რუბრიკები
ჯგუფის შეფასება
1.       აქტიურობა -   3ქ.- მაღალი -  აქტიურობს ყველა წევრი
                           2ქ.- საშუალო-  აქტიურობს ნახევარზე მეტი
                            1ქ. - დაბალი - აქტიურობს  2 წევრი
2.       დროის ლიმიტი    1ქ. - ზუსტად იყენებს დროს
                                   0ქ. - აჭარბებს მოცემულ დროს
3.       თანამშრომლობა    1ქ. - ჯგუფი ისმენს ყველას აზრს; პატივს სცემს ყველას პოზიციას; ლიდერი ითვალისწინებს ჯგუფის წევრების მოსაზრებას
                                    0ქ. - ჯგუფი ისმენს დომინანტი წევრის მოსაზრებას, მასვე აკისრებს ლიდერობას

მომხსენებლის შეფასება
1.       თანმიმდევრულობა - 3ქ. - მომხსენებელი თანმიმდევრულად გადმოსცემს სათქმელს; აუდიტორიას მკაფიოდ, დამაჯერებლად უხსნის ჯგუფის პოზიციას;
                                         2ქ. - მომხსენებელი გასაგებად უხსნის აუდიტორიას სათქმელს
                                          1ქ. - მომხსენებელი ხსნის ჯგუფის სათქმელს, მაგრამ საჭიროა სხვების დახმარება, აუდიტორიის კითხვები
                                            0ქ. - მომხსენებელი ვერ უხსნის აუდიტორიას სათქმელს; ჯგუფი ცვლის ლიდერს
2.       ციტირება -      2ქ.- იყენებს რამდენიმე ციტატას
                           1ქ.-  იყენებს ერთ ციტატას
                            0ქ. - არ იყენებს საერთოდ ციტატებს
3.       დამაჯერებელი მსჯელობა - 3ქ. - მსჯელობა სრულად  დამაჯერებელია  2ქ. - მსჯელობა  ნაწილობრივ დამაჯერებელია   1ქ. - მსჯელობა ზედაპირულია  0ქ.- მსჯელობა არადამაჯერებელია 



კოლეგის შეფასება - რეფლექსია
მე-10 კლასში ჩატარდა გაკვეთილი დისკუსიის ეფექტური მეთოდის გამოყენებით ფოკუსირებული დაკვირვების მიზნით.  მასწავლებელმა დასაწყისში გააცნო მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი, შედეგი; პროვოცირების ეტაპზე გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეებმა წარმოადგინეს სადისკუსიოდ შერჩეული მონაკვეთები; აირჩა მათგან ოთხი. მოსწავლეებმა აირჩიეს დისკუსიის მეთოდიც. მოსაწონია, რომ თავად მოსწავლეები ირჩევენ საინტერესო საკითხსაც და მეთოდსაც. მოსწავლეებს  მიეცათ მკაფიო, კონკრეტული ინსტრუქციები, მიეთითათ დრო. 
ჯგუფური მუშაობისას აქტიურობა იყო მაღალი, თუმცა შეინიშნებოდა ზოგიერთი წევრის პასიურობა. პედაგოგს ვურჩევდი, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ კუთხით მოსწავლეთა ინსტრუქტირებას, ან გამოიყენოს  დისკუსიის ისეთი მეთოდი, რომელიც მოითხოვს ყველა მოსწავლის ჩართულობას.
        დაკვირვებისას მოსაწონი იყო ჯგუფის წევრთა შეთანხმებული, კორექტული მუშაობა; მსჯელობა იყო აქტიური, მოსწავლეები აყალიბებდნენ არგუმენტებს, იშველიებდნენ ციტატებს. არ გასჭირვებიათ პრეზენტა-
ტორის  არჩევა. პედაგოგს ვურჩევდი, ყურადღება მიაქციოს დროის ლიმიტს, შეახსენოს ჯგუფს, რა დრო დარჩა სამუშაოს დასრულებამდე.
          პრეზენტაციის დროს მოსწავლეები მსჯელობდნენ თანმიმდევრულად, გადმოსცემდნენ ჯგუფის წევრთა მოსაზრებებს, დანარჩენი მოსწავლეებიც იყვნენ აქტიურნი, ახსენებდნენ პრეზენტატორს გამორჩენილ საკითხს. აღსანიშნავია აუდიტორიის აქტიურობა, მოსწავლეები არ იყვნენ პასიური მსმენელნი.
 მოსაწონია, რომ კლასში იყო მეგობრული, თავისუფალი, მუშაობისთვის ეფექტური გარემო. მასწავლებელი იყო ხელისშემწყობი, არ ერეოდა მოსწავლეთა მსჯელობაში, არ იყო მიკერძოებული, მხოლოდ აჯამებდა პრეზენტატორის მოსაზრებას დამხმარე კითხვების საშუალებით.
            პედაგოგს ვურჩევდი, საგაკვეთილო პროცესში ხშირად ჩართოს მცირე დისკუსია, გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა სრულ ჩართულობას. მისაღებია ჩატარებულის მსგავსი გაკვეთილები, რომლებიც მხოლოდ დისკუსიას მოიცავს. 
 სსიპ ქ.ზესტაფონისN 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო  გეწაძე


საგნის პედაგოგის რეფლექსია


 ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში დისკუსიის ეფექტური მეთოდების გამოყენებაზე ფოკუსირებული დაკვირვების მიზნით.  გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრიდან ნინო გეწაძე. 
     წინა დღეს მოსწავლეებმა გაიხსენეს დისკუსიის რაობა; დისკუსიისას დასაცავი წესები; მიეცათ დავალება, რომ შეერჩიათ ერთი ეპიზოდი შოთა რუსთაველის „ ვეფხისტყაოსნიდან“, რომელზეც შეიძლებოდა განსხვავებული პოზიციის გამოთქმა; პერსონაჟის საქციელის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით შეფასება, მოეძიებინათ ტექსტში ორივე ვარაუდის განმამტკიცებელი ციტატები, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია.
      გაკვეთილი დაიწყო ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით;  კლასს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, მოსალოდნელი შედეგი. შემდეგ გონებრივი იერიშის გამოყენებით აირჩა ოთხი ეპიზოდი, მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს დისკუსიის მეთოდიც. მიმაჩნია, რომ, უმჯობესია, მოსწავლეებმა თავად გააკეთონ არჩევანი, რათა მეტი იყოს ინტერესი, მოტივაცია. ჯგუფი გაიყო მოსაზრების მომხრე და მოწინააღმდეგე ნაწილებად, დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, ასევე შეფასების რუბრიკები. ყურადღებით ვაკვირდებოდი წევრების აქტიურობას, კორექტულობას, მოსწავლეები აკონტროლებდნენ დროს.
      ჯგუფმა აირჩია პრეზენტატორი, რომელსაც უნდა წარმოედგინა საერთო, არგუმენტირებული დასაბუთება. პრეზენტაციისას უნდა გაეთვალისწინებინა შეფასების რუბრიკის მოთხოვნები. მას აფასებდნენ სხვა ჯგუფის წევრები, ხოლო ჯგუფი აფასებდა საკუთარ მუშაობას. აქედან გამომდინარე, მოხერხდა შეფასებაცა და თვითშეფასებაც.  პარალელურად ვაფასებდი ჯგუფსაც და პრეზენტატორსაც, მოსწავლეთა შეფასება საკმაოდ  ობიექტური აღმოჩნდა.
      პრეზენტაციები აღმოჩნდა საინტერესო, არგუმენტები - დამაჯერებელი, ციტატები- შესაბამისი; მოსწავლეები პასუხობდნენ  შეკითხვებს, აუდიტორია იყო აქტიური. საერთოდ, გაკვეთილზე ურთიერთ თანამშრომლობითი,  საქმიანი გარემო შეიქმნა. გაკვეთილმა აჩვენა, რომ კლასი ინტერესით ეკიდება სიახლეს, მიცემული დავალებები შეასრულეს ხარისხიანად. უნდა ითქვას, რომ დისკუსია მათთვის უცხო არ იყო, რადგან ხშირად ვმართავდით საკლასო დისკუსიებს, როგორც საგაკვეთილო, ისე სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში.
       დამსწრე პედაგოგმა მომაწოდა თავისი შეხედულებები, რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ გაკვეთილების დაგეგმვისას.

სსიპ ქ. ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  შორენა ლეჟავა





პროექტი "ვკითხულობთ უმცროსკლასელთათვის"

„ვკითხულობთ პირველკლასელთათვის“
( პროექტის გეგმა)
1.      პროექტის თემა/იდეა:  შესაფერისი ტექსტების შერჩევა და პირველკლასელთათვის პრეზენტაციის მოწყობა.
2.      პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით აქტუალურია მოზარდთა შორის მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის ამაღლება. კითხვა წიგნისა თუ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით აუცილებელია მხატვრული, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების გასავითარებლად. ასევე მნიშვნელოვანია წაკითხული ტექსტების არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ კითხვის ხარისხი. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, არა მარტო წაიკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა, არამედ აირჩიონ პატრებისათვის საინტერესო ტექსტი და მოამზადონ პრეზენტაციისათვის.
3.      პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებში; კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის მოტივაციის ამაღლება; მხატვრული კითხვის, არჩევნის არგუმენტირებულად დასაბუთების, პრეზენტაციის, უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან კომუნიკაციის, დისკუსიის უნარების განვითარება.
4.      ესგ შესაბამისობა: IX 5, IX 8, IX 6, IX 9.
5.      მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი
6.      პროექტის ვადები:                                 2014 წლის         8 ოქტომბრიდან  16 დეკემბრამდე       
7.      პროექტის მსვლელობა: პირველი შეხვედრა – მოსწავლეთათვის პროექტის იდეის, მიზნების, შედეგების, შეფასების რუბრიკების მონახაზის გაცნობა; ჯგუფების დაკომპლექტება: „ჟურნალისტები“, „ ორგანიზატორები“, „ლიტერატორები“, „კრიტიკოსები“, „მსახიობები“, „ფოტოგრაფები“.                                                                                   8 ოქტომბერი
მეორე შეხვედრა – პირველი კლასის დამრიგებელსა  და მოსწავლეებთან  ინტერვიუს შედეგების მოსმენა,  ორგანიზატორების  მიერ   შედგენილი გეგმისა და საჭირო რესურსების  ჩამონათვალის გაცნობა                                                                                                                              11 ოქტომბერი
მესამე შეხვედრა– ლიტერატორების  მიერ შერჩეული ტექსტების მოსმენა        14 ოქტომბერი
მეოთხე შეხვედრა – კრიტიკოსების მიერ დასკვნების წარმოდგენა, ლიტერატორების მიერ ახლად    შერჩეული ტექსტების მოსმენა                                                                                                 17 ოქტომბერი
მეხუთე შეხვედრა – კრიტიკოსების მოსმენა და საპრეზენტაციო ტექსტების არჩევა    20 ოქტომბერი
მეექვსე შეხვედრა – მსახიობების მოსმენა–შერჩევა  და პრეზენტაციების დაგეგმვა      22 ოქტომბერი
პრეზენტაციების მიმდინარეობა
24 ოქტომბერი – ლიზა ლოლაძე     (ი. ევდოშვილის „მშვიდობით“,  შ. მღვიმელი „გამომშვიდობება მერცხლისა“)
31 ოქტომბერი – ნინო მაღლაკელიძე            (ძმები გრიმები „ბრემენელი მუსიკოსები“)
7 ნოემბერი – ელენე მაჩიტიძე           ( ჰანს კრისტიან  ანდერსენი  „გოგონა ასანთით“)
14 ნოემბერი – ცისია ცერცვაძე                  (რუსული ხალხური ზღაპარი  „თიხის ბიჭი“)
21 ნოემბერი –ლიკა გამრეკელაშვილი           ( ბირმული  ხალხური ზღაპარი „შვიდი ძმა“ )
5 დეკემბერი – ელენე მაჩიტიძე                   (ჰანს კრისტიან ანდერსენი „წითელი ქათამი“)
12 დეკემბერი – სოფიო სებისკვერაძე           (ნინო ეთერია  “ტყიდან მოტანილი ნაძვი“)
მეშვიდე შეხვედრა – პროექტის შეჯამება, მონაწილეთა შეფასება                               16 დეკემბერი

8.      პროექტის შედეგები: მოსწავლეები შეარჩევენ ტექსტს, შეადგენენ კითხვებს აუდიტორიისათვის, მოამზადებენ ანოტაციას, დაასაბუთებენ არჩევანს დისკუსია–კამათის გზით, წარმოადგენენ შერჩეულ ტექსტს პირველკლასელებთან, მომზადდება პრეზენტაციის ამსახველი კედლის გაზეთი, დაწერენ შთაბეჭდილებას, შეავსებენ მონაწილის ფურცელს. მოსწავლეები განივითარებენ დისკუსიის, პრეზენტაციის, მხატვრული კითხვის,აზრის წერილობით ჩამოყალიბების, მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარებს.
9.      პროექტის  რესურსები : ფორმატი 3 ცალი, თაბახის ფურცლები 40 ცალი, მარკერი 3 ცალი, ფერადი ფანქრები და ფლომასტერები 1–1 ,  წებო 1 ცალი, ჭიკარტები 1 შეკვრა, ფოტოაპარატი
10.  პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი   შორენა ლეჟავა
11.  პროექტის მონაწილეები: სსიპ ქ. ზესტაფონის N 1  საჯარო სკოლის IX ბ კლასის მოსწავლეები
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: shorena.lezhava.1972@gmail.com
შეფასების რუბრიკები
ჯგუფის მუშაობის შეფასება

კარგი   
6–7 ქულა
საშუალო
4–5ქულა
დამაკმაყოფილებელი
2–3 ქულა
არადამაკმაყოფილებელი
0–1 ქულა
შესრულებული სამუშაოს ხარისხი
დავალების ყველა პუნქტი შესრულებულია მაღალი ხარისხით
დავალების ყველა პუნქტი შესრულებულია, მაგრამ ჩნდება კითხვები, შენიშვნები
დავალების ნაწილი შეუსრულებელია, ნაწილი კარგადაა შესრულებული
დავალება მთლიანობაში არასათანადოდაა გაგებული და შესრულებული
თანამშრომლობა ჯგუფში
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურია 2  ქულა
ჯგუფის ნაწილი სისტემატურად აქტიურია 1 ქულა
ჯგუფში აქტიურობს მხოლოდ ორი მოსწავლე 0 ქულა

დროის გამოყენება
მიცემული დავალება დათქმულ დროში სრულდება 1 ქულა
დავალება არ სრულდება დათქმულ დროში  0 ქულა


პრეზენტატორის შეფასება
კარგი
9–10 ქულა
საშუალო
7–8 ქულა
დამაკმაყოფილებელი
5–6 ქულა
არადამაკმაყოფილებელი
4–5 ქულა
პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს მხატვრულად, ამომწურავად პასუხობს და სვამს კითხვებს, იყენებს ილუსტრაციებს, შესაბამის ფრაზებს აუდიტორიის დაინტერესებისათვის
პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს მხატვრულად, პასუხობს კითხვებს, იოლად ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, სვამს კითხვებს
პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს მკაფიოდ, გარკვევით,
პასუხობს და სვამს კითხვებს, იყენებს აუდიტორიასთან კონტაქტის არავერბალურ ხერხებს
პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს გარკვევით, პასუხობს  აუდიტორიის კითხვებს ნაწილობრივ

პროექტის შეჯამება
        პროექტმა  „ვკითხულობთ უმცროსკლასელთათვის“  კლასში  დიდი  ინტერესი გამოიწვია, ჯგუფები დაკომპლექტდა  მოსწავლეთა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, შეხვედრების გრაფიკი, თითოეული შეკრების გეგმა და საჭირო რესურსების სია „ორგანიზატორებმა“ შეიმუშავეს.  ჯგუფებმა  ხარისხიანად  მითითებულ დროში შეასრულეს  დავალებები. „ჟურნალისტებმა“  შეადგინეს ინტერვიუს  კითხვები I ბ კლასის დამრიგებლის, ე.ბარათაშვილისა და ამავე კლასის მოსწავლეებისათვის. კლასის დამრიგებელმა მოიწონა ეს ინიციატივა,  გააცნო პატარებთან მუშაობის  თავისებურებები და ურჩია, პრეზენტაციისათვის განესაზღვრათ 10–12 წუთი, რადგან პირველკლასელები მალე იღლებიან და ყურადღებაც ეფანტებათ. მათ მოსწონთ იოლად დასამახსოვრებელი, სახალისო ამბები, უყვართ ლამაზი ილუსტრაციები. კითხვებიც მათთვის გასაგები სიტყვებით უნდა ჩამოყალიბდეს.
       პატარების გამოკითხვამ უჩვენა, რომ ყველაზე მეტად ზღაპრები უყვართ, მოსწონთ ამბები შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე. „ლიტერატორებმა“ და „კრიტიკოსებმა“ გაითვალისწინეს „ჟურნალისტების“ პრეზენტაცია და ნაწარმოებთა მოძიება–შეფასება ამ კუთხით წარმართეს. არჩეული ტექსტები ორჯერ მოისმინეს შეკრებაზე, შეირჩა მათგან 9 ნაწარმოები, რომელთა მომზადება პატარებთან პრეზენტაციისათვის დაევალათ „მსახიობებს“.  ტექსტის მოსმენის შემდეგ დასასმელი კითხვები „ლიტერატორებმა“ შეადგინეს.
       ჩატარდა 8 შეხვედრა პირველკლასელებთან, პრეზენტაციებმა წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს „მონაწილის ფურცელზე“ დატანილი ინფორმაცია. პროექტი პირველკლასელთათვის მოსმენის,  არსებული ცოდნის გამომჟღავნების, კითხვებზე გამართულად, ლოგიკურად პასუხის უნარების განმავითარებელიც გამოდგა. პატარებმა მოსმენილის შესახებ ილუსტრაციებიც დახატეს ხელოვნების გაკვეთილზე, რომლებიც გადაღებულ ფოტოებთან ერთად კედლის გაზეთზე განთავსდა.
       ამდენად, მოცემული პროექტი შედეგიანი აღმოჩნდა ორივე კლასის მოსწავლეთათვის, იოლად მოერგო მათს ინტერესებს, შესაბამისობაშია ესგ ინდიკატორებთან.  პროექტის ამოცანები–– გამოეწვია ინტერესი კლასგარეშე ლიტერატურისადმი, აემაღლებინა კითხვის ხარისხი, გაეუმჯობესებინა ჯგუფში მუშაობისა და უცხო აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი–– წარმატებით გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ყველა პრეზენტატორმა გამოთქვა სურვილი, მომავალში პედაგოგიურ განათლებაზე იფიქროს, რადგან პატარებთან გატარებული წუთები მასწავლებლის ამპლუაში ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. კლასში გაჩნდა იდეა, მომზადდეს ამ ტიპის პროექტები:“ ბიბლიოთეკა უმცროსკლასელთათვის“ და „ ვთარგმნით პატარებისათვის“.

           სსიპ ქ.ზესტაფონის N 1 საჯარო  სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
                                                                                                          შორენა ლეჟავა


განმავითარებელი შეფასება

    მოცემულმა რესურსმა შეფასებისას მიიღო 12 ქულა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სლაიდ შოუ ორგანიზებულია, მისწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, სლაიდებზე დატანილი ინფორმაცია კავშირშია საგაკვეთილო მასალასთან; უადვილებს მოსწავლეს ახალი ინფორმაციის აღქმას, სთავაზობს საინტერესო დავალებას, რაც მთლიანობაში იძლევა საშუალებას ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციების განვითარებისა.
     რესურსი ინტერაქტიულია, მოითხოვს მოსწავლეთა ჩართულობას კითხვებზე პასუხის სახით; ავითარებს სხვადასხვა სააზროვნო უნარს; მოსწავლეებს უწევთ  მსჯელობა და საკუთარ თავზე დაკვირვებით დასკვნების გაკეთება.  რესურსის გამოყენება შეიძლება როგორც მასალის ახსნის, ასევე გამეორება-განმტკიცებისას. მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია  მისი გამოყენება სხვა საგნებში (ფიზიკა, ქიმია), ასევე ინტეგრირებული გაკვეთილებისათვის. ( ჩემი აზრით,  ეფექტური იქნებოდა  სპორტისა და ბიოლოგიის ინტეგრირებისას). 
       პედაგოგს ვურჩევდი, აუცილებლად მიუთითოს:  რესურსის მიზნები, შედეგები;  ესგ-ის მოთხოვნების შესაბამისი შედეგები, ასაკობრივი ჯგუფები; დაურთოს გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების  ჩამონათვალი;  მოერიდოს სლაიდზე უცხოენოვან წარწერებს ( მაგ: მე-9, მე-13 და მე-14  სლაიდებზე   წარწერებია  რუსულ და უკრაინულ ენებზე), უმჯობესი იყო მათი შეცვლა ქართული შესატყვისებით. ყურადღება გაამახვილოს რესურსზე დართული დოკუმენტაციის ორგანიზებულობასა და სიცხადეზე.

                                             გისურვებთ წარმატებას! გმადლობთ ყურადღებისათვის!

რესურსის შეფასება

    
კრიტერიუმი
ქულა
კომენტარი
I
2
რესურსის კავშირი საგანმანათლებლო მიზანსა და ესგ-ის მოთხოვნებთან ბუნდოვანია.  არაა მითითებული საგანმანათლებლო მიზნები და ესგ-ის შესაბამისი შედეგები
II
2
მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ასაკობრივი ჯგუფისათვისაა განკუთვნილი რესურსი. ამაზე მხოლოდ თემის დასახელება მიანიშნებს.
III
3
რესურსი შინაარსობრივად გამართულია, ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს,  ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან, თუმცა არ არის სათანადოდ ორგანიზებული.
IV
2
რესურსი ნაკლებად ორიგინალურია, სხვა უკვე არსებული რესურსების მსგავსია.
V
3
რესურსი სრულად ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში; მცირე მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად; რესურსი იძლევა ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციების განვითარების საშუალებას (წიგნიერება, მედია წიგნიერება, სემიოტური კომპეტენცია).
შემფასებლის სახელი და გვარი
შორენა ლეჟავა
რესურსის საგნობრივი ჯგუფი
საბუნებისმეტყველო
რესურსის დასახელება
რისთვის და როგორ ვსუნთქავთ?

ტრენინგის რეფლექსია 2

 ტრენინგი „მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება“
(რეფლექსია)
      ა.წ. 27-28 თებერვალს ქ.ზესტაფონის N 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი „მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება“. ტრენინგი ჩატარდა შეფასების ჯგუფის წევრთათვის. ტრენინგის ორგანიზატორი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
     ურთიერთგაცნობის შემდეგ ტრენერმა, ქ-ნმა ნინო გოგსაძემ, გაგვაცნო ტრენინგის  მიზნები: 1. შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობების გააზრება  2. საქაღალდის სტრუქტურისა და სქემით გათვალისწინებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალის გაცნობა 3. შეფასების წესის პროცედურები და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა  4. რესურსები, რომლებიც შეფასდება სქემის ფარგლებში. 5. რესურსის შეფასების კრიტერიუმები და მათი გამოყენება.
      ტრენინგი დაიწყო მინი-ლექციით, ტრენერი დაწვრილებით გვიხსნიდა შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობებს;  მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის რაობას, სტრუქტურას, შეფასების წესს, ვადებს, გასაჩივრების მექანიზმს. ასევე გავეცანით სავალდებულო და დამატებითი აქტივობების ჩამონათვალს სხვადასხვა საფეხურისათვის და მათს  დამადასტურებელ დოკუმენტებს. გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს. მან  ვრცლად ისაუბრა ტრენინგებისა და პროგრამების, ასევე სტუდენტის// მასწავლებლის კონსულტირების გზით კრედიტქულების დაგროვების შესაძლებლობაზე. (ამ უკანასკნელ საკითხებში უკეთ გარკვევისათვის დაგვირიგდა დამხმარე მასალა  ჩამონათვალით იმ პროგრამებისა, რომლებშიც მონაწილეობის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება კრედიტქულა. ასევე შესრულდა ორი ჯგუფური სამუშაო :  1.განვიხილეთ სიტუაციური ამოცანა, რომელიც ითხოვდა შიდა შეფასების ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებების მართებულობაზე მსჯელობას. 2. შევადგინეთ ჩამონათვალი კრიტერიუმებისა, რომლებიც სასურველია, გავითვალისწინოთ მასწავლებლის მიერ სხვა პედაგოგის კონსულტირების პროცესის შესაფასებლად).  ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
      ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა დღის რეფლექსიით. დღის მთავარი საკითხები იყო: 1.  ტიპები რესურსისა, რომელიც შეფასდება ქულებით 2. რესურსის მნიშვნელობა 3. ეფექტური რესურსის მახასიათებლები 4. სასწავლო რესურსის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ტრენინგის მეორე დღე უმეტესად პრაქტიკული ხასიათის იყო, შესრულდა ორი ჯგუფური სამუშაო: ეფექტური რესურსის მახასიათებლები; რესურსის შეფასება. ასევე როლური თამაში - ელექტრონული რესურსის შეფასება.
      მეორე დღესაც მონაწილეები იყვნენ აქტიურნი, ტრენერი პასუხობდა შეკითხვებს, პრეზენტატორები ხარისხიანად წარმოადგენდნენ ჯგუფის ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე. ეს დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო შეფასების ჯგუფის წევრებისათვის, რადგანაც წარმატებით გამოვიყენეთ რესურსის შეფასების სქემები. ეს შეფასების ჯგუფის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო აქტივობაა.
ტრენინგის დასასრულს შევავსეთ გამოკითხვის ფურცლები, მივიღეთ საშინაო დავალებაც.
     მოცემული ტრენინგი საშუალებას მომცემს, უკეთ დავგეგმო ჩემი, როგორც საგნის პედაგოგისა და ფასილიტატორის, საქმიანობა. მეტი დახმარება გავუწიო კოლეგებს,  ვუპასუხო მათს შეკითხვებს სტრუქტურულ და პროცედურულ საკითხებზე, მივცე ეფექტური უკუკავშირი, როგორც გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების, ასევე შეფასებისას. აქტიურად გამოვიყენებ ტრენინგის მეორე დღეს პრაქტიკული სამუშაოებისას მიღებულ ობიექტური შეფასებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ქ. ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ლეჟავა
27 თებერვალი 2016 წელი