რეფლექსია ტრენინგისათვის „პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“
მოცემული ტრენინგი აქტუალურ და საინტერესო საკითხს ეხებოდა. პროფესიის სწორად შერჩევა
ყოველთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც თვითრეალიზაციისათვის, ისე მომავალი კარიერული ზრდისათვის.
მე–9 კლასში სრულდება საბაზო საფეხური, მოსწავლეს უკვე შეუძლია, აირჩიოს პროფესია და სწავლა საკუთარი
ინტერესის შესაბამისად გააგრძელოს. ბუნებრივია, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო
პროგრამაში ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. შესაბამისად, ძალიან დროული იყო ეს ტრენინგი,
რომელზეც საინტერესო პრეზენტაციებისა და პრაქტიკული დავალებების დახმარებით ჩვენც სხვა თვალით
შევხედეთ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საქმეს.
მოსწავლეებთან ადრე ჩატარებული საუბრების შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პროფესიას,
ძირითადად, ირჩევენ მიბაძვით, სხვათა რჩევით, ან გაუცნობიერებლად, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ
რამდენად პოპულარული და შემოსავლიანია ესა თუ ის პროფესია. ტრენინგზე შეძენილმა ცოდნამ და
მასალებმა საშუალება მომცა, მეტად დამეფიქრებინა მოსწავლეები საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე,
პროფესიათა სპეციფიკაზე, სირთულეებზე, რეალურ მოლოდინებზე, პროფესიის არჩევისათვის გეგმაზომიერი
ნაბიჯების განხორციელებაზე.
ტრენინგის შინაარსი: 1) პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის მიზნებისა და
ამოცანების გაცნობა (ლექცია) 2) პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ შეცდომები და პროფესიის არჩევაზე
მოქმედი ფაქტორები (აქტიური ლექცია, პრეზენტაცია) 3) საერთაშორისო გამოცდილება (ლექცია, პრეზენტაცია) 4)
განათლების სისტემა და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო (პრეზენტაცია) 5) ჰოლანდის ტიპოლოგია
(პრეზენტაცია) 6) საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის, მათთვის საჭირო
აუცილებელი ცოდნა, უნარ–ჩვევები და დამოკიდებულებები (პრეზენტაცია) 7) სწავლების მეთოდები: გონებრივი
იერიში, ბარათებით მუშაობა, დისკუსია, შემთხვევის ანალიზი, და მისი ინტერპრეტირებული ვარიანტები: Case-
Stady მეთოდი , Case-Problem მეთოდი, Case-Incident მეთოდი, Stated-Problem მეთოდი; ლექცია, ექსკურსია,
პრეზენტაცია (აქტიური ლექცია).
შევასრულეთ რამდენიმე ჯუფური დავალება: „ყველაზე, ყველაზე“, პროექტი: „მძინარე ქალაქი“, სასწავლო
მეთოდის აღწერა და შეფასების რუბრიკის შექმნა, სიტუაციის ანალიზი ჰოლანდის ტიპოლოგიის მიხედვით,
სიტუაციური ამოცანები. ტრენინგი დასრულდა ტესტირებით. (სერტიფიკატის N 000146)
მისასალმებელია, რომ ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამრიგებლისა და მოსწავლეებისათვის მთელი
სასწავლო წლის მანძილზე ღრმავდებოდა. ჩატარდა 8 გაკვეთილი, რომლებსაც ესწრებოდნენ რესურსცენტრისა
და დირექციის წარმომადგენლები. მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიურობა იყო მაღალი, ხალისით და
საკმაოდ ხარისხიანად სრულდებოდა როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილური და ჯგუფური სამუშაო.
მოტივაციას ამაღლებდა ისიც, რომ მოსწავლეებს უწევდათ არა მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნის, არამედ
საკუთარი, განსხვავებული მოსაზრებების ჩამოყალიბება, „ დიდურ“ ამპლუაში ყოფნა, სხვადასხვა პროფესიაში
საკუთარი თავის წარმოდგენა.
გაკვეთილები, ძირითადად, მოწოდებული გეგმების მიხედვით ტარდებოდა, მაგრამ მათი ორგანიზება
მნიშვნელოვან მომზადებას მოითხოვდა როგორც დამრიგებლის, ისე მოსწავლეთა მხრიდან. პირველ რიგში
დამზადდა თვალსაჩინოება „ჰოლანდის ტიპოლოგია“, ასევე ლექსიკონი, რომლებიც კლასში დარჩება შემდეგ
წლებშიც და გამოვიყენებთ კლასის საათის თემატიკის დაგეგმვისათვის. მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ჯგუფში
მუშაობის, ინფორმაციის მიღება–გაზიარების, პრეზენტაციის, დისკუსიის უნარები.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა შემდეგი აქტივობები: 1) თამაში „ყველაზე ყველაზე“, რომელიც
ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის მეთოდების გამოყენებით გულისხმობდა პროფესიის არჩევისას
დაშვებული ტიპური შეცდომების ანალიზს და აჩვენებდა მოსწავლეებს, რომ არ არსებობს ცალსახად მოდური,
მაღალანაზღაურებადი, ინტელიგენტური ან რომანტიკული პროფესიები. 2) აქტივობა“ პროექტის შექმნა“–
ჰოლანდის ტიპოლოგიის მიხედვით დაკომპლექტებულ 6 ჯგუფს მიეცა შესაფერისი დავალება ახალი
ორგანიზაციის „შექმნისათვის“. რეალისტურ ტიპს დაევალა ორგანიზაციის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის
მოწყობა, კვლევითს– მარკეტინგული ბაზრის კვლევა, შემოქმედებითს– ლოგოსა და სლოგანის შექმნა,
ინიციატივიანს–მართვის სტრუქტურა, საკანცელარიოს– ბიუჯეტი, სოციალურს– კადრების გადასამზადებელი
ტრენინგების მოფიქრება–დაგეგმვა. 3) „ღირებულებათა აუქციონი“, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება,
დაფიქრდნენ, რომელი ღირებულებები (პიროვნული, შრომითი, გარეგანი) დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.
4) „ექვსი ქუდი“, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ექვსი სხვადასხვა პოზიციიდან შეაფასონ არჩევანი.
5) „გასაუბრება“, როლური თამაშის მეთოდით მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი თავი სხვადასხვა
ვაკანსიაზე „ დამსაქმებლების“ წინაშე. 6) „დავეხმაროთ სხვებს პროფესიის არჩევაში“– ჯგუფებს უნდა შეერჩიათ
სხვადასხვა ხასიათისა და ინტერესების მოზარდებისათვის შესაფერისი პროფესია, მიეცათ დასაბუთებული
რეკომენდაცია.
ჩატარებული გაკვეთილების მიზნები, ძირითადად, ემსახურებოდა პროფესიის მახასიათებლებისა და
აუცილებელი ცოდნისა და უნარების გააზრებას, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის
გაუმჯობესებას, შრომითი ღირებულებებისა და ინტერესების როლის გაცნობიერებას პროფესიული არჩევანის
დროს, პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარის გაუმჯობესებას. ტრენინგზე მიღებული თეორიულ და
პრაქტიკულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მე–11––მე–12 კლასებშიც სადამრიგებლო საათის
დაგეგმვისათვის. ამ შინაარსის გაკვეთილები დაეხმარება მოსწავლეს შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების
გამოვლენაში, გააცნობს მათ სხვადასხვა პროფესიის თავისებურებებსა და მითხოვნებს, გაააზრებინებს
დასაქმების შესაძლებლობებს, დასაბუთებული რეკომენდაციების დახმარებით შეაძლებინებს პროფესიის
სწორად არჩევას.
სსიპ ქ. ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლის IX ბ კლასის დამრიგებელი
შორენა ლეჟავა
No comments:
Post a Comment